„ოქროს წერაყინის“ მფლობელი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებას Explorersweb-ი სტატიით გამოეხმაურა
ალპინიზმისა და ექსპედიციების საერთაშორისო საზოგადოება Explorersweb-ი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე „ოქროს წერაყინის“ მფლობელი ცნობილი ქართველი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებას ვრცელი სტატიით გამოეხმაურა და მისი გარდაცვლების გამო მწუხარება გამოთქვა.
სტატია, რომლის სათაურია „მარადიული ხსოვნა განსაკუთრებულ ადამიანსა და მოლაშქრეს“, არჩილ ბადრიაშვილის განსაკუთრებულ მიღწევებს ეხება. ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს სხვა მთამსვლელებთან ერთად მისი წარმატებული ექსპედიციების შესახებ. ნათქვამია, რომ იგი საქართველოს შორეულ კუთხეებში ახალი გზების ძიებით და ექსპერიმენტული მარშრუტების განვითარებით გამოირჩეოდა.
„მთებისა და მთამსვლელების სიყვარული ბადრიაშვილის პიროვნებას განსაკუთრებულობას ანიჭებდა. მისმა გარდაცვალებამ ალპინისტური საზოგადოება ღრმად დაამწუხრა“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც გამოყენებულია ციტატები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მსოფლიოში სახელგანთქმული მთამსვლელის, რეინჰოლდ მესნერის სამძიმრის წერილებიდანაც.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ არჩილ ბადრიაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ალპინიზმის ისტორიაში.
შეგახსენებთ, 34 წლის ცნობილი ქართველი მთამსვლელი 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად, „ოქროს წერაყინის“ (Piolets d’Or) მფლობელია. მთამსვლელებს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მწვერვალ სარაგრარის დალაშქვრისთვის 2022 წელს გადაეცათ. 7 300 მ სიმაღლის მწვერვალის დასალაშქრავად მათ უნიკალური მარშრუტი აირჩიეს, რაც საერთაშორისო ჟიურიმ განსაკუთრებულ მიღწევად შეაფასა. დაღუპული მთამსვლელის სხვა მიღწევებს შორის არის მწვერვალ ნანგა პარბატის დალაშქვრა. ის და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველები იყვნენ, რომლებმაც პაკისტანში ყარაყორუმის მთათა სისტემის 8 126 მ სიმაღლის მწვერვალი დალაშქრეს. აღსანიშნავია, რომ არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძესთან ერთად, მიხეილ ხერგიანის გუნდის შემდეგ უშბაზე ახალი მარშრუტი პირველმა გაიარა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო და პატივს მიაგებს მის ხსოვნასა და ქართული ალპინიზმის განვითარებაში შეტანილ დიდ წვლილს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.