„ოქროს დისკი „ვოიაჟერი“ - დედამიწის მცხოვრებლები უცხოპლანეტელთათვის განკუთვნილ მუსიკას, მათ შორის ქართულ ხალხურ სიმღერას პირველად მოისმენენ
„ოქროს დისკი „ვოიაჟერი“ - დედამიწის მცხოვრებლები უცხოპლანეტელთათვის განკუთვნილ მუსიკას, მათ შორის ქართულ ხალხურ სიმღერას პირველად მოისმენენ

23 თებერვალს პირველად იხილა მზის შუქი „ვოიაჟერის ოქროს დისკმა“, რომელშიც 1977 წელს ნასას დაკვეთით შეგროვებული ხმები, სიტყვით გამოსვლები და მუსიკებია შესული.

ნაკრებმა მიიღო სახელწოდება „დედამიწის ხმები“ და გაიგზავნა კოსმოსური აპარატის „ვოიაჟერის“ ბორტზე.

ბეთჰოვენი და ბახი, ქართული ხალხური ანსამბლი და აზერბაიჯანული მუღამი. ვულკანური ამოფრქვევა და მეხის გავარდნა, წვიმის ხმა, გულისცემა და სიცილი, ძაღლის ყეფა და ჩიტების გალობა. მისალმება 58 ენაზე: ყველაზე პოპულარული ინგლისურიდან, ჩინურიდან და რუსულიდან დაწყებული, მკვდარ ლათინურ და არამეულ ენებამდე დამთავრებული – ნასას სპეციალისტებმა ეს და სხვა მრავალი ხმა შეაგროვეს, რომლებსაც სურდათ დედამიწის ხმაური უცხო პლანეტების მკვიდრთათვის წარედგინათ. მაშინ იმედოვნებდნენ, რომ დედამიწის მოხეტიალე „ვოიაჟერი“ ნაკრებს სამყაროს შემოატარებდა.

გონებრივ ძმებთან შეხვედრის იმედი

1977 წელს დედამიწის მცხოვრებლების რწმენა, რომ პროგნოზირებად მომავალში სამყაროს გონებრივ ძმებს შეხვდებოდნენ, ჯერ კიდევ ძლიერი იყო – უფრო ძლიერი ვიდრე დღეს, როცა ათწლეულობით კვლევა და სამყაროს უზარმაზარ კარზე კაკუნი კვლავ უნაყოფოა.

ამიტომ, როდესაც ნასამ სივრცეში უპილოტო ხომალდები „ვოიაჟერ 1“ და „ვოიაჟერ 2“ გაუშვა, რომლებიც ისტორიაში პირველად მზის სისტემის მიღმა უნდა გასულიყვნენ, ბორტზე არსებულ სამეცნიერო აპარატურებს შორის დაამონტაჟეს მუსიკის დამკვრელები ალმასის ნემსებით. ასევე ორმაგი კოდით ეწერა ინსტრუქცია, თუ როგორ გამოეყენებინათ დამკვრელები. ფირფიტები კი მოოქროვილი სპილენძისგან იყო დამზადებული, რომელიც ხანგრძლივ მუშაობაზე გათვალეს.

ორივე ხომალდი „ვოიაჟერი“ დღემდე დაფრინავს სადღაც მზის სისტემის სიახლოვეს. მეცნიერთა გათვლებით, ბორტზე დამონტაჟებული სამეცნიერო ტექნიკა 2020 წლამდე იმუშავებს, რის შემდეგაც ენერგიის შემცირება ერთი ინსტრუმენტიდან მეორეზე რიგრიგობით მოხდება. 2025 წელს კი ბორტის ყველა მოწყობილობა შეწყვეტს მუშაობას. უცხოპლანეტელებთან შეხვედრა არ მომხდარა და დედამიწის ხმებიც, როგორც ჩანს მოუსმენელი დარჩება.

როგორ შეარჩიეს მუსიკა

„შეუძლებელი იყო არ გაეკეთებინა კარგი ჩანაწერი დედამიწის სხვადასხვა მუსკიკისგან“ – იხსენებს 40 წლის შემდეგ „ოქროს დისკის“ პროდიუსერი ტიმოთი ფერისი, რომელიც მაშინ ჟურნალ Rolling Stones-ის რედაქტორად მუშაობდა. თუმცა პრობლემა უკავშირდებოდა მრავალფეროვნებას. შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ცნობილი ასტრონომი და ასტროფიზიკოსი კარლ საგანი იყო კლასიკური მუსიკის მცოდნე და მოყვარული, თუმცა არ მოსწონდა როკ-მუსიკა და არაფერი ესმოდა მისი.

პარალელურად, ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის და მე-13 სიმებიანი კვარტეტის, ბახის „ბრანდენბურგის კონცერტის“, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტის“ და სტრავინსკის „საღმრთო გაზაფხულის“ ფრაგმენტული შემოსაზღვრა რთული აღმოჩნდა.

მსოფლიო ფოლკლორს, როგორც საუკუნეების უდავო მემკვიდრეობას, თუ არა კაცობრიობის ათასწლეულის კულტურის შემოქმედებას, დავა არ გამოუწვევია.

უკვე ნახსენები ქართული ხალხური სიმღერისა და აზერბაიჯანული მუღამის გარდა, ნაკრებში ინდონეზიური გამელანი, ნავახოს ინდიელების რიტუალური სიმღერა, ბულგარული ეროვნული ცეკვები, საქორწიlო სიმღერა პერუდან და მექსიკის მარიაჩის მუსიკოსების ჩანაწერები შევიდა.

ფერისის მოგონების თანახმად, დისკზე დატანილია ჩაკ ბერის კლასიკური როკ-ენ-როლი. ფერისი ბლუზზე იყო შეყვარებული და სწორედ ამ მუსიკას მიიჩნევდა ამერიკული კულტურის ყველაზე ცხად მაგალითად. თავისი პოზიციების გასაძლიერებლად მან პროცესში ჩართო ავტორიტეტული ისტორიკოსი და ბლუზის მკვლევარი, ალან ლომაქსი. ერთობლივი ძალისხმევით მათ მოახერხეს დისკში შეეტანათ ლუი არმსტრონგისა და ბლაინდ ვილი ჯონსონის შესრულებით Melancholy Blues-ი.

გაზეთ Times-ის თანახმად, „ბითლზების“ სიმღერა Here comes The Sun-ი, რომელმაც თავდაპირველად დისკის შემდგენელი გუნდი კოსმოსური ალუზიებით მოხიბლა, ვერ მოხვდა დისკის საბოლოო ვერსიაში, რაც უფლებების პრობლემასთან იყო დაკაშირებული, თუმცა მისი საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს კოსმოსური ალუზიები უცხოპლანეტელთათვის სრულიად გაუგებარი იქნებოდა.

დისკზე ენის პრობლემის გამო ვერ მოხვდა ბობ დილანი.

„რთულია წარმოიდგინო, რომ მისი შთამბეჭდავი პოეზია, უცხოპლანეტელთათვის რამეს ნიშნავდეს“, – ამბობს ფერისი.

საბჭოთა კავშირი ცდილობდა დისკზე მოეხვედრებინა ალქსანდროვის სახელობის ანსამბლის მიერ შესრულებული „მოსკოვის ღამეები“, საბოლოოდ ფერისმა მოახერხა და ეს სიმღერა დისკზე არ მოხვდა – არც მუსიკის ხარისხი და არც შესრულების ხარისხი შესაბამისი არ იყო.

ფერისმა დაბლოკა დისკზე თანამედროვე სიმღერების შეტანა, როგორიცაა Sex Pistols და Led Zeppelin. “რატომ უნდა შეგვეტანა ბლუზის ცუდი ასლი Led Zeppelin-ის შესრულებით, როდესაც ჩვენ ნამდვილი ოსტატები გვყავს?“ – სვამს რიტორიკულ შეკითხვას ფერისი.

პირველი გამოშვება 40 წლის შემდეგ

1977 წელს ძვირფასი დისკის მხოლოდ 12 ეგზემპლარი გაკეთდა. ორი კოსმოსში გაიგზავნა, 10 კი ნასას სხვადასხვა ცენტრზე გადანაწილდა. ძნელად დასაჯერებელია, რომ დისკების შემადგენლობა, რომელიც კოსმოსში უცხოპლანეტელთათვის დედამიწის ხმების მოსმენას ისახავდა მიზნად, ამ წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო თავად დედამიწის მოსახლეობისთვის.

პროექტის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით, რამდენიმე ენთუზიასტმა – ე.წ. მომავლის ინსტიტუტის მკვლევარმა დევიდ პესკოვიცმა, ცნობილი მუსიკალური ჟურნალის, Amoeba-ს მენეჯერმა ტიმოთი დეილიმ და დიზაინერმა ლოურენს აზერადმა ჩაიფიქრეს იდეა, რომ „ოქროს დისკი“ ფართო პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

მათ მიერ დაწყებული კამპანია, რომელიც დაფინანსებას სხვადასხვა წყაროდან გულისხმობდა, 200 ათასი დოლარის შეგროვება გადაწყვიტა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და საბოლოო ჯამში მილიონ სამასი ათასზე მეტი შეგროვდა.

საბოლოო შედეგი სამი ვინილისა და ორი CD დისკი, ასევე 98 გვერდიანი წიგნი – მიმდინარე წელს Grammy-ით დაჯილდოვდა სპეციალური გამოშვების საუკეთესო დიზაინის კატეგორიაში.

 

წყარო: BBC