ათამდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმით ოპოზიციის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.
როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, ეს იქნება მკაფიო გზავნილი ამომრჩეველთან, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლების შეცვლის რეალური მსურველი.
მემორანდუმს ხელი 10-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.
„ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციური მთავრობის არ შექმნასთან დაკავშირებით, ქვემორე ხელმომწერი პარტიები ვაცნობიერებთ რა, რომ ბიძინა ივანიშვილის რვაწლიანმა ოლიგარქიულმა მმართველობამ მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ძალაუფლების ერთპიროვნული და უკონტროლო კონცენტრაციით, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზებით და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების სრული მორღვევით; მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზებით და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით, ჩრდილი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და შეაფერხა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში; ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებით და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით; „ნორმალიზების პოლიტიკის“ საფარქვეშ შეასუსტა საქართველოს სამომლაპარაკებლო პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან დეოკუპაციის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით.
ვაცხადებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, არც ერთ მოცემულობაში, არ შევუქმნით კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის ნებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და მოახდენს ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია მემორანდუმში.