ოპოზიციურმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კერძოდ, დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერა ოპოზიციური პარტიების 26-მა წარმომადგენელმა, ასევე დოკუმენტს უერთდება კახა კუკავა, რომელიც შეხვედრას ვერ ესწრებოდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, შეთანხმებამ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
„ეს არის შეთანხმება ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და ყველა ხელმომწერი პარტია იღებს ვალდებულებას, რომ ისინი დაიცავენ ამომრჩევლის ხმას, ერთმანეთის ხმებს და არ მისცემენ შესაძლებლობას ხელისუფლებას, არჩევნები გააყალბოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი. განაცხადი, რომელიც ერთი მხრივ აჩვენებს ოპოზიციის ერთიანობას ამ ბრძოლაში და მეორეც, არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, დავიცვათ თითოეული ხმა და არავის მიეცეს გაყალბების შესაძლებლობა. მაგრამ ამ პოლიტიკური განაცხადის გარდა, დღევანდელ შეკრებაზე მიღებული იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებებიც, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, დღეს პარტიების მიერ მიღებული იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება:
„შეიქმნება ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი, შტაბის ხელმძღვანელი იქნება პაატა დავითაია. შტაბში იქნება წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში და ეს იქნება ის სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს და ხელმძღვანელობას გაუწევს ყველა იმ ზომას, რომელიც თავიდან აგვარიდებს არჩევნების გაყალბებას და დაიცავს ამომრჩევლის ხმებს.
შტაბი წარმოადგენს კონკრეტული ღონისიძებების ნუსხას, რა უნდა გაკეთდეს ამომრჩევლის ხმების დასაცავად. მათ შორის შემიძლია გითხრათ ორი კონკრეტული ნაბიჯი. ერთი არის პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც არჩევნების დღეს აისახება ყველა დარღვევა. მეორე არის საერთო, სამოქმედო, საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები ამ ბაზაში ასახულ დარღვევებზე. ამ და სხვა ნაბიჯებს შტაბი საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს.
ჩვენი სტრუქტურა, ოპოზიციური პარტიებიც და შტაბიც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იმუშავებენ არასამთავრობო სექტორთან, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, რათა ყველამ ერთად, საერთო ძალისხმევით დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, არ დავუშვათ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი ოპოზიციური პარტიების მხრიდან, როგორც პოლიტიკური განაცხადი, ერთობის და თავისუფალი არჩევნების შესახებ, ასევე პრაქტიკული განაცხადი იმ სტრუქტურის და იმ ზომების შესახებ, რომელიც დაიცავს ამომრჩევლის ხმას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებული ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ შეთანხმების ტექსტი კი ასეთია:
„საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს. ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას, მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება.
ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას. ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას“, – ნათქვამია დოკუმენტში.