ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს, რომელიც მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის.
ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ახალი მოდელის შესახებ განმარტება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ახალი მოდელი ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება, თუმცა მორგებულია ქართულ რეალობას, ითვალისწინებს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.
„ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად, ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევიმუშავეთ საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს და უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას. ის ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას. რა არის სიახლე ამ მოდელში – პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა ისე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, თუმცა იქნება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ექვსი-შვიდი ან რვამანდატიანი მაჟორიტარული ოლქები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება და არ ექნება შესაძლებლობა არცერთ პოლიტიკურ ძალას, მიიტაცოს ხელისუფლება. ასევე, მაქსიმალურად იქნება გამოხატული თითოეული ადამიანის ინტერესი.
„რაც მთავარია, ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ, ემსახურებოდეს ხალხს და არა კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულ ავტორიტარებს, რომლებიც სამწუხაროდ, ყალიბდებიან ხოლმე ძველი სისტემის პირობებში“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა.
როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციამ შეიმუშავა, გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„დოკუმენტი მზად არის იმისათვის, რომ ინიცირებული იყოს პარლამენტში და მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ 76 ხმა. ხაზს ვუსვამ, 76 ხმა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ან რაიმე სხვა. ეს არის ძალიან მარტივი გზა, გამოსავალი იმისათვის, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ, გადალახოს ის კატასტროფული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ყველა კონსტიტუციონალისტი, ვისთანაც ოპოზიციას ჰქონდა საუბარი, ცალსახად ამბობს, რომ ეს სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და არანაირი პრობლემა არ აქვს კონსტიტუციასთან მიმართებაში.
„შევქმენით მოდელი, რომელიც ეფუძნება გერმანულ მოდელს, ითვალისწინებს ქართულ რეალობას. იქნება მათ შორის მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, და არ ექნება მანიპულაციის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კუთხით. მიიღებს 25 პროცენტს, ეყოლება 25 პროცენტი დეპუტატების, მიიღებს 40 პროცენტს – ეყოლება 40 პროცენტი დეპუტატების“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, ვაშაძე ამბობს, რომ პარლამენტის სხდომა მშვიდობიანად ჩატარდება მაშინ, როცა ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
„პარლამენტის სხდომა მშვიდობიანად ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აი, ამ კანონს რომ მიიღებს პარლამენტი, პრობლემა არ ექნება პიკეტირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.