ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ანტისაოკუპაციო საბჭოს ქმნის
პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „დროას“ წევრებმა დღეს საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ კირბალში განცხადება გააკეთეს და ანტისაოკუპაციო საბჭოს შექმნის შესახებ ისაუბრეს. საბჭოს შექმნის ინიციატორია მოძრაობა „ძალა ერთობაშია“.
„სახელმწიფოს მიტაცების, ინსტიტუტების მოშლის და მასობრივი სიღარიბის ფონზე ქვეყნის რუსეთის მიერ მუდმივად მზარდი ოკუპაციის პროცესი ვერ იკავებს სათანადო ადგილს პოლიტიკურ დღის წესრიგში. მაშინ, როდესაც სახელმწიფო და მმართველი პარტია შეგნებულად ატარებს „რუსულ ოკუპაციასთან შემრიგებლური და კოლაბორაციონისტული, მოღალატური“ პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ამოცანაა ყველა მათ ხელთ არსებული რესურსით იბრძოლოს ოკუპაციის წინააღმდეგ. დღეს, როდესაც ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე უკრაინის ოკუპაცია და რუსეთის აგრესია მთელი ცივილიზებული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, საქართველო ამ პროცესის მიღმაა დარჩენილი. ჩვენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ვერთიანდებით ანტიოკუპაციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით იმისთვის რომ: დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში.
ამ ინიციატივას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები: ინფორმაციული მხარდაჭერა, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სამართლებრივი დაცვა, სოციალური საკითხების სისტემური მოგვარება, ინიციატივის მხარდამჭერი საერთო ფონდის შექმნა. ხელისუფლების მხრიდან აქტიური ანტისაოკუპაციო საერთაშორისო პოლიტიკის გატარება, ჟენევის დისკუსიებისა და სხვა საერთაშორისო პლატფორმებში მაქსიმალური გააქტიურება რუსეთის მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, შესრულების კუთხით შესაბამისი ზეწოლის განხორციელება ოკუპაციის ხაზის გადმოწევის პრევენცია და ყველა ფაქტზე აქტიური რეაგირება რუსეთისთვის, დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის დასაკისრებლად. ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, ოკუპანტების მიერ, ოკუპაციის ხაზის გადმოწევისა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და სხვა დანაშაულის პროაქტიურად პრევენციის მიზნით, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სტრუქტურების დისლოკაციის ადგილებისა და პირადი შემადგენლობისა და მათი უზრუნველყოფის მკვეთრი ზრდა. ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული სტატუსის შემუშავება, მათთვის კომუნალური გადასახადების, სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისა და ფერმერული მეურნეობის სუბსიდირების, განსაკუთრებული სოციალური და ეკონომიკური დახმარების საკანონმდებლო ბაზის შექმნა და სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიური და მრავალასპექტიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ანტისაოკუპაციო და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის საკითხებზე საზოგადოებაში ერთიანი და კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა“, – აღნიშნულია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.