ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ცესკო-ში თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ
ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ზურაბ ხარატიშვილი, ლევან თარხნიშვილი და გურამ ჩალაგაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი უთხრეს.
როგორც მათ განაცხადეს, თამარ ჟვანიასთან სამი საკითხის განხილვა სურდათ.
„ჩვენი მოთხოვნაა, თამარ ჟვანიამ გააკეთოს საჯარო განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ ყველას შეახსენებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინების მცდელობა დაუშვებელია. ასევე განმარტოს, საარჩევნო ბიულეტენის გაუქმების წესი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამომრჩეველს აიძულებდნენ, ფოტო გადაეღოთ და დაენიშნათ ბიულეტენი სახელისუფლებო კანდიდატის შემოხაზვის შემდეგ. იძულებით ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, ამომრჩევლები შლიდნენ შემოხაზულ კანდიდატს და ხაზავდნენ სასურველს. საუბნო კომისიები ასეთ ბიულეტენებს აუქმებდნენ, მიუხედავად დამკვირვებლების საჩივრებისა”, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
მან ამომრჩევლებს მოუწოდა, ასეთ შემთხვევაში, გადახაზონ იძულებით შემოხაზული კანდიდატი და ხმა მისცენ სასურველს.
„ხმის მიცემის პროცესის პატიოსნების გასაძლიერებლად, შესაძლებელია, რომ საარჩევნო კოდექსით ნათლად განისაზღვროს საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის კრიტერიუმები, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად, ისეთი დამატებითი წარწერების მქონე ბიულეტენები, რომლებითაც ამომრჩევლის პოტენციური იდენტიფიცირება შეიძლება, ბათილად უნდა ჩაითვალოს“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.
მას შემდეგ, რაც თამარ ჟვანიასთან შეხვედრაზე უარი მიიღეს, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხებს ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.