ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომრის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ივანიშვილის პროკურატურამ პარლამენტს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად თანხმობისთვის მიმართა.

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მივიჩნევთ, რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას.

მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, ქრისტიან-კონსერვატული პარტია“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „გირჩი-თავისუფლებისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ელენე ხოშტარია, ირაკლი ღლონტი, „ემსახურე საქართველოს“.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.