ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება საერთო ეროვნული ამოცანაა. სწორედ ამ მიზნითაა მოტივირებული დემოკრატიული ოპოზიცია და ეს იყო 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებაც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებითა და ბესიკ თამლიანის, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროებიდან გამოშვებით, სიტუაცია ნაწილობრივ განიმუხტა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია. ახლა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“. ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა. ამ ტიპის საქმეები აქტუალობას მაშინ იძენს როცა ეს ივანიშვილს რომელიმე ოპონენტის გასაჩუმებლად, საზოგადოების დასაშინებლად და თავისი ხელქვეითების გასამხნევებლად სჭირდება. 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს. საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, სწორედ ამის გამო ანიჭებენ საკვანძო მნიშვნელობას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. ამიტომაა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ, განხილულ დოკუმენტში მკაფიო მოწოდება რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს ხოლო საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ ოქრუაშვილისა და უგულავას საპატიმროდან გამოშვება, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეეშვას ოპონენტების დევნასა და დაშინებას. ეს მეთოდები მას ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს, მაგრამ ქვეყანას რისკებს უზრდის და ზიანს აყენებს. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა კი 2020 წლის არჩევნების დასრულებისა და ივანიშვილის ძალაუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორების შემდეგ, ამგვარი პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ გამარჯვებული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები, „ახალი საქართველოსთვის“, „ემსახურე საქართველოს“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“, „საქართველო ლიდერებს შორის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „კანონი და სამართალი“, „ახალი საქართველო ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, ედპ, ენმ, „ლელო“, „თავისუფალი დემოკრატები“.
ამასთან, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, კერძოდ რომელ საქმეს გულისხმობენ ოპოზიცური პარტიები, თუმცა ცნობილია, რომ 22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული.