ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ოფიციალურ მიმართვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ხვალ გაავრცელებენ
საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოლიტიკოსებმა ელჩებს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, ოფიციალურ მიმართვას დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ხვალ გაავრცელებენ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პროტესტი კვლავ გაგრძელდება, მათ შორის პიკეტირების სახით.
„სამოქმედო გეგმა არის სწორედ ის, რომ გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი, იქნება ეს პიკეტირება, თუ სხვა ფორმა, მათ შორის მიტინგი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიმოქმედოთ უნისონში. ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ შევთანხმდეთ პოლიტიკურ პარტიებს შორის და ასევე უმნიშვნელოვანესია, შევთანხმდეთ სამოქალაქო აქტივისტებთან. ასეთი ერთობის პირობებში ივანიშვილს არ დარჩა შანსი ხელისუფლების შენარჩუნების. კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ფორმის პროტესტს გამოვიყენებთ, რომ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნები“,- განაცხადა ბოკუჩავამ.