ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება
საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 8 მარტის შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება.
„პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტების ძალისხმევითა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რომელიც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის. მადლობა ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, აქტივისტთა ჯგუფს, სამოქალაქო მოძრაობებსა და მოლაპარაკებათა ფასილიტატორებს, საქართველოს ყველა მეგობარს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მისთვის ხელის შესაშლელად, გავრილოვის ღამის შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო. ეს შედეგი გარანტიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება უკონტროლოდ არ დარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი, როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი, თავის სურვილს არქმევს. 8 მარტის შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს.
გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია. აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. ის, თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენ შორის არსებული არსებითი განსხვავებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, – ნათქვამია პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს 19 პოლიტიკური პარტია აწერს: „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი საქართველო“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, „ევროპული დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „მოძრაობა ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „სამართლიანობისთვის“, „კანონი და სამართალი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.