ოპოზიციური პარტიები 19 დეკემბერს დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებას აუქმებენ
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და 19 დეკემბერს დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებას აუქმებენ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ოპიკეტირების გაუქმება 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს უკავშირდება.
„უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში გვსურს, მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა.
ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება, ვიდრე ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. ლუკას ტრაგედიამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გავაუქმოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ჩვენ სამართლიან არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე.
სისტემა სრულად წარმოგვიდგა მისი მანკიერი და ძალადობრივი ფორმით, აუცილებელია მისი დროული შეჩერება და შეცვლა“, – ნათქვამია განცხადებაში.