ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები ხელისუფლებას მიმართავენ, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე
ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას სთხოვს, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ხატია დეკანოიძემ, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა გამართეს, განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
ქალი დეპუტატების განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, დასავლეთისგან იზოლაციაში ამყოფოს ქვეყანა.
„იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აძლიერებს ოკუპაციას და დგამს ანექსიისკენ ნაბიჯებს, როდესაც იტაცებს საოკუპაციო ხაზიდან ჩვენს მოსახლეობას, როდესაც მოსახლეობის გაცხადებული სურვილი არის, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, 36 ქვეყანას აქვს რუსეთთან პირდაპირი ფრენა აკრძალული, საქართველოს მთავრობა იღებს კრემლისგან საჩუქარს და ამით აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს, საფრთხეს უქმნის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იმავდროულად, აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და „ქართული ოცნების“ ლიდერის გუშინდელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა დამატებით იზოლაციაში მოახდინოს დასავლეთისგან საქართველო, გააძლიეროს რუსული გავლენები. ამიტომ ჩვენ, ქალი დეპუტატები, კიდევ ერთხელ ვგმობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეს არის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, არამედ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.
„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთისგან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა არის ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია, ქვეყანა, ერთი მხრივ, მიისწრაფოდეს ევროპისკენ და, მეორე მხრივ, დგამდეს ნაბიჯებს, დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე. ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სხვა შემთხვევაში, მუშაობა და ილუზიის შექმნა, თითქოს 12 პუნქტი სრულდება, იქნება ფარსი. „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებით უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას და ევროინტეგრაციას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.