ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის გამო სერბეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გადაიდო
სერბეთის პარლამენტი პირველი სესიისთვის შეიკრიბა, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის ფონზე პარლამენტის სხდომა გადაიდო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს ფიცის დადებაზე, მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „თქვენ მოიპარეთ არჩევნები“.
როგორც „როიტერი“ წერს, დაპირისპირება ჰქონდათ მმართველი კოალიციის წევრებთან.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდება.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სერბეთის მოქალაქეებთან ერთად მივაღწიოთ სამართლიანობას“, – განაცხადა ოპოზიციური გაერთიანების, „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიროსლავ ალექსიჩმა.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს გამართულ არჩევნებში სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ, „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ კი მეორე ადგილი დაიკავა. „პროგრესული პარტია“ და მისი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთს 2012 წლიდან მართავენ. ოპოზიციურმა ალიანსმა ბელგრადის საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევების შესახებ განაცხადა, ხოლო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რის გამოც დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.