რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე ითხოვენ, რომ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევისთვის სანქციები მთავრობის წევრებზეც გავრცელდეს
ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე ითხოვენ, რომ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევისთვის სანქციები მთავრობის წევრებზეც გავრცელდეს. ამ მიზნით დეპუტატებმა რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
დღეს მოქმედი ნორმით, პარლამენტი თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების შემდეგ ფორმებს იყენებს: იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას; სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.
რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე განმარტავენ, რომ პარლამენტის წინა რეგლამენტში არ იყო მთავრობის წევრების მიმართ გათვალისწინებული გამონაკლისები, ხოლო ახალი რედაქციით გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს მთავრობის წევრს იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მთავრობის წევრები არღვევენ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს იმ მოტივით, რომ მათ ამის გამო სანქცია არ დაეკისრებათ.
„ხშირია შემთხვევები, როცა პარლამენტის წევრის მიერ შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის წევრის მიმართ პარლამენტის წევრის კითხვით მიმართვის შემთხვევაში კითხვის ადრესატი დაგვიანებით ან საერთოდ არ პასუხობს დეპუტატის კითხვას. ამ შემთხვევაში კონსტიტუციის 43-ე მუხლითა და პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლით გათვალისწინებული წესი ირღვევა, რომლის თანახმად, სავალდებულოა კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა. სანქციების არგავრცელების მიუხედავად, რეგლამენტი, ისევე როგორც კონსტიტუცია, მოითხოვს, რომ მთავრობის წევრმა დაიცვას რეგლამენტით და კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნები“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.