ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სპიკერატი დაატოვებინეს [ვიდეო]

პარლამენტის მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სპიკერატი დაატოვებინეს. საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხანში რიგგარეშე პლენარული სხდომა უნდა დაიწყოს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტრიბუნა და თავმჯდომარის ადგილი რამდენიმე საათის წინ დაიკავეს და აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება იყო.

როგორც სხდომათა დარბაზიდან გამოსული ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„მანდატურები ამოიყვანეს. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხელი არ მოგვკიდოთ და არ შეგვეხოთ. რამდენიმე მანდატური ძალიან ზომიერად იქცეოდა. მთელ დარბაზში გამოირჩეოდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, შეერბილებინათ სიტუაცია. განსაკუთრებული კანონდარღვევით, უზრდელობით, კაპასობითა და ცუდი სიტყვებით გამოირჩეოდა ვინმე ირმა ზავრადაშვილი. რატომ გამოირჩეოდა, დაინტერესდით ჟურნალისტები, მოგაწოდებთ მასალას. იმიტომ, რომ ძალიან კორუმპირებულია და თავის ქონებას იცავს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩვენი შვილების არის და მიტაცებული აქვთ. მე ვფიქრობ, ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს მოკვლა ქართველებით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.