ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ბათუმის საკრებულოს დაცვის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ხმაურია ბათუმის მერიის შენობის შესასვლელში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შენობაში შესვლას და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. დაცვის პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
სხდომაზე დღეს სასტუმრო „ლე მერიდიანისთვის“ ბულვარში ზღვის სანაპიროს გარკვეული ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ. სწორედ ამას აპროტესტებენ ოპოზიციონერები.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა დაცვის პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
„მოვედით, რომ გაგვეგო, რას უპირებენ სანაპიროს, საჯაროა სხდომა. არც საშვები მოგვცეს და არც შენობაში გვიშვებენ. ეს ასე არ ჩაივლის“, – ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი გენრი დოლიძე.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
ბათუმის საკრებულოს წევრის, ნატალია ზოიძის განცხადებით, საკრებულოს აქვს თავისი რეგლამენტი. სხდომა ღიაა და მოქალაქეებს ადრე უნდა გაეკეთებინათ განაცხადი.
„საკრებულო ღიაა ნამდვილად ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ არსებობს რეგლამენტი, რაღაც წესი, რასაც ყველა უნდა დაემორჩილოს, ამ ხალხს რომ ერთი საათით ადრე დაეწერა განაცხადი, არ იქნებოდა ეს გაუგებრობა. რამე შეფერხება თუ იყო კანცელარიაში, ამით დავინტერესდები“, – განაცხადა ნატალია ზოიძემ.