ოპოზიციის წარმომადგენლებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.
დეპუტატები აღნიშნული კანონის გაუქმებას ითხოვენ. კერძოდ, საჩივრდება კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შესაბამისობის საკითხი.
ოპოზიციის წარმომადგენლები სარჩელს პარლამენტში, დეპუტატ თამარ კორძაიას კაბინეტში აწერენ ხელს.
ხელმოწერის პროცესი მედიისთვის დახურულია. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ეს, სულ მცირე, საპროტესტო აქტი იქნება.
„საკონსტიტუციო სარჩელი შედის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდანაც და ვასაჩივრებთ რუსულ კანონს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის კარი „ქართულმა ოცნებამ“ დახურა დროებით, შესაბამისად, ეს არის სამართლებრივი ბრძოლის მნიშვნელოვანი ასპექტი და ამ ბრძოლას ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, ისევე, როგორც ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და 26 ოქტომბერს გავაკეთებთ ყველაფერს, რათა „ქართული ოცნება“ გავუშვათ ძალაუფლებიდან“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.
ამასთან, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის თქმით, სარჩელის შეტანა არის სახელმწიფოებრივი ფორმა.
„შეიძლება, ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, თუკი არ ენდობი სასამართლოს, მაშინ რატომ შეგაქვს სარჩელი. არა, სწორია შეტანა, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი ფორმა. ჩვენ ხომ ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუციას არ ვუცხადებთ პროტესტს, არა? ჩვენ გვინდა, გვქონდეს უკეთესი და კარგი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამიტომ ეს აუცილებლად საჭიროა. რაც მეტი შეიტანს, უფრო კარგია. სამომავლოდ, ეს არის დოკუმენტი, რა უკმაყოფილება იყო ამ იურიდიული ფორმით, ქუჩის ფორმით“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
არსებული ინფორმაციით, ხელმოწერის პროცესი დაახლოებით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დოკუმენტის საბოლოო ვერსიას საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის სახელით თამარ კორძაია მიიტანს.