ოპოზიციის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს [ფოტო-ვიდეო]
ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ცოტა ხნის წინ, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.
მანამდე, მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შორის, რადგან სამართალდამცველები მათ არ აძლევდნენ უფლებას, ბოქლომი პროკურატურის ჭიშკარზე დაედოთ.
„უკვე ყელში ამომიხვედით. კანონს დაემორჩილეთ, ერთ შნირს ნუ აყვებით“ , – მიმართა მათ პროკურატურასთან მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ადამიანები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი, სამართალს უშედეგოდ ეძებენ.
„მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც აქ დგას, სამი წელია, ეძებს სამართალს. ამათ ხელში სამართალი ვერ იპოვა. ეს ის ხალხია, რომლებიც უმოწყალოდ წირავენ ადამიანებს. გუშინ რურუას ჩაუდეს იარაღი, გუშინ ოქრუაშვილს 15 წლისწინანდელი ვითომ დანაშაული გაუხსენეს და საქმე აღუძრეს. მაქსიმალურ ტერორზე არიან გადასულნი. უნდათ, რომ შეგვაშინონ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. დავაბოქლომებთ, მაინც ამოვთხრით, ჩვენ ჩვენს შედეგს მივიღებთ. სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მიიღებს ამას. ამ ბიჭებსაც ამოუვათ ყელში, გაიხდიან ფორმას, ჩვენს მხარეს გადმოვლენ და შემდეგ ვნახოთ, ამათ ვინ დაიცავთ“, – განაცხადა გენერალურ პროკურატურასთან ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა.