ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი
ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. უმრავლესობის სხდომა დღეს გაიმართება.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, პოლიტსაბჭო ჩამოყალიბდა გარკვეულ პოზიციაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი საპარლამენტო უმრავლესობას წარედგინება და შეჯერდება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.
„პოლიტსაბჭოს მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი ოპონენტების, საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა მანდატების შეწყვეტაზე მხარდაჭერა თუ პირიქით, რომლებმაც ამ საკითხზე განცხადებები შემოიტანეს. სამწუხაროდ, დღეს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტის შესახებ ვერ გეტყვით, რადგან მას ხვალ სჭირდება უმრავლესობის უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება თუ უარყოფა. ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით რაღაც პოზიციაზე, რაც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ე.ი. პოლიტსაბჭოს უმრავლესობას გარკვეული აზრი გააჩნია, ეს ასევე უნდა აისახოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. შეიძლება, ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ის გადაწყვეტილება თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, მაგრამ მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმის საპირისპიროდ, რასაც ვხედავდით ტელეეთერებში, რომ ისინი ძალიან გაგულისებული საუბრობდნენ, რომ აუცილებლად უნდა შევწყვიტოთ მათი უფლებამოსილება, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით კულუარებში. გამოჩნდა, რომ ნერვიულობა იყო და არის ძალიან დიდი“, – განაცხადა მდინარაძემ.
51 ოპოზიციონერთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გასულ კვირას იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ. კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება. რეგლამენტის გათვალისწინებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით დეკემბერში მიმართა. მათ ამის მიზეზად საპარლამენტო არჩევნების გაყალბება დაასახელეს და მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათგან „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. მათ ნაცვლად პარლამენტში პარტიული სიის მომდევნო წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე შევიდნენ.
რაც შეეხება მათ, ვისაც ამ დროისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადი აქვთ შეტანილი, ესენი არიან – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თეიმურაზ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ლევან ხაბეიშვილი.