ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის გაგრძელება საჭირო აღარ არის
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის გაგრძელება საჭირო აღარ არის

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერიდან გამომდინარე, არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გახანგრძლივება მიზანშეწონილი არ არის.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, შარლ მიშელის შეთანხმების პოლიტიკური დედააზრი არის ის, რომ არ მოხდეს მტყუან-მართლის გარჩევა.

„მოდით არ გავარჩიოთ მტყუან-მართალი და ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის რეფორმები, პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერება და ა.შ. დამატებით ამ კომისიით რისი მიღწევა უნდა „ქართულ ოცნებას“, ვერ ვხვდები, დაამტკიცოს, რომ მართლები არიან? ამას ვერ დაამტკიცებს, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ამის დამტკიცება არ არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი. მგონია, რომ ეს საგამოძიებო კომისია, ექვსთვიან სამუშაოს რაღაც თვალსაზრისით გაუფუჭებს სამომავლო წარმატების მიღწევის შანსებს. თქვენს ადგილზე უარს ვიტყოდი ამ კომისიაზე. გავაგრძელებდი იმ დოკუმენტით მუშაობას, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმოწერა არსებობს თითქმის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, როგორც „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელის დოკუმენტი და შეთანხმება არის ის შესაძლო საუკეთესო შედეგი, რაც ასეთი კომისიის საქმიანობას უნდა მოჰყოლოდა.

მომხსენებელმაც აღნიშნა, ყოფილა თხოვნა ევროპელი მედიატორებისგან, რომ სწორედ მოლაპარაკების პროცესში დაფარულიყო ის თემები, რაც იყო საკამათო, რომელზეც ცხადია, ყველაფერზე ყველა ვერ შევჯერდით, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან შემქნილი კრიზისული ვითარების განსამუხტავად, ამ კომისიას რაც შეეძლო გაეკეთებინა, ეს გაკეთდა მისი მუშაობის თუ შეჩერებული მუშაობის პარალელურად. უკვე დადებული პოლიტიკური შედეგის ფონზე ვთვლით, რომ აღარ არის მიზანშეწონილი ამ კომისიის მუშაობის გაგრძელება, თუმცა უმრავლესობა თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს მისი ნებაა. ჩვენ ვკონცენტრირდებით შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში, ამ თემებზე შეჯერებული სამოქმედო გეგმით, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმასაც, მართლმსაჯულების სისტემასაც, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებასაც, რასაც არჩევნები და არჩევნებთან დაკავშირებული თემები ფარავდა აქამდე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.