ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ
ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ბანკთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქცია მხოლოდ მას შემდეგ აღსრულდება, რაც იარსებებს ქართული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ეროვნულ ბანკთან შეკრებილები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საფრთხის წინაშე აყენებს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ფინანსურ სტაბილურობას, რათა დაიცვას შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ამასთან, ისინი მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ნათია თურნავა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.

ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.