ოპოზიციის წარმომადგენლები ანგელა მერკელთან შეხვედრისას ოკუპაციის, ნატო-ში ინტეგრაციისა და დემოკრატიის შესახებ ისაუბრებენ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ვიზიტისას შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მერკელთან შეხვედრისას საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
„გერმანიის კანცლერის ვიზიტი რეგიონში აჩვენებს, რომ იმ ფონზე, რაც შექმნილია ევროპისა და რუსეთის ურთიერთობებით, რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა არის გაზრდილი. ჩვენთვის მთავარი იქნება ის გზავნილები, რომელსაც კანცლერი ისაუბრებს. რაც შეეხება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, როგორიც არის ქვეყანაში შექმნილი ვითარება ოკუპაციის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერა და ქართული დემოკრატიის მტკიცე მხარდაჭერა.
ჩვენ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერთან ვისაუბრებთ სწორედ ამ პრობლემებზე და იმედი გვაქვს ამ ვიზიტის შემდეგ შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველო გერმანია-რუსეთის ურთიერთობებში ფაქტობრივად აღარ არის და ეს არია უკიდურესად სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის, რაზეც ვაპირებთ საუბარს გერმანიის კანცლერთან“, – განაცხდა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით კი, ანგელა მერკელთან შეხვედრისას სამ მთავარ ისაუბრებენ – ოკუპაციის, ნატო-ში ინტეგრაციისა და დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
„პირველი, ეს არის ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობები. მიგვაჩნია, რომ ეს თემა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე აწეული, რაშიც სამწუხაროდ, ჩავარდნა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში. მეორე, ეს არის ნატო-ში ინტეგრაცია და ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის აქტიური როლი ამ კუთხით. მესამე ეს არის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები და ზოგადად, წინასაარჩევნო ვითარება.
ამ სამ ძირითად თემაზე გვექნება საუბარი და იმედი გვაქვს, რომ ეს გზავნილები იქნება გაზიარებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დემოკრატიულ პრობლემებში იგულისხმება, როგორც არაფორმალური მმართველობის მახინჯი მოდელი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, როგორც ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების ოკუპაცია, ისე ზოგადად, შექმნილი არაჯანსაღი კლიმატი საარჩევნო მარათონის წინ, აქ იგულისხმება როგორც არათანაბარი დაფინანსებები ისე არჩევნების პერიოდში პრობლემები, დაშინება მოსყიდვა და სხვა პრობლემები“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.
ანგელა მერკელი საქართველოს დღეს ეწვევა, ოპოზიციასთან მისი შეხვედრა კი ხვალისთვის იგეგმება.