ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა კანონდარღვევით ხდება
ხმაური იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ოპოზიციური პარტიის წევრები სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა, ასევე „ერთიანი საქართველოს“ წევრი ანზორ ბიწაძე.
მათი განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა კანონდარღვევით ხდება და სიაში ისეთი ადამიანები არიან, ვინც მხარს მმართველ გუნდს უჭერენ. მათივე თქმით, ესენი არიან სკოლებისა და ბაღების პედაგოგები.
„ჩვენ აქ მოვედით მარტივი მიზეზით, რომ არ დაგვეშვა პარტიული კადრების ვითომ ნეიტრალურ წევრებად დანიშვნა საუბნო საარჩევნო კომისიებში. ამ ადამიანს, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ზირაქიშვილს, რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია, იმალება, რადგან კარგად იცის, რომ არღვევს კანონს.
მივმართავთ ცესკო-ს თავმჯდომარეს, ეს ადამიანი არღვევს მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარის ბრძანებას, როცა მას აქვს დისკრეციული უფლება, დაუშვას საშვები. სხდომა არის საჯარო, იქ ყველას შეუძლია შესვლა. ჩვენი კითხვები იყი ძალიან მარტივი და კანონიდან გამომდინარე, რატომ ნიშნავენ პარტაქტივს ნეიტრალურ პოზიციაზე. ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ არც ერთ უბანზე, რადგან ეს არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და კანონიერი, ადამიანის ნება უნდა იყოს მასაი ასახული“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სხდომაზე არ დაუშვეს იმ მიზეზით, რომ მათ არ ჰქონდათ სხდომაზე დასასწრებად შესაბამისი აკრედიტაცია.