ოპოზიციის ნაწილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს ამზადებს
ოპოზიციის ნაწილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს ამზადებს

ოპოზიციის ნაწილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტს ამზადებს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში შეიკრიბა და ახალი ინიციატივის შინაარსზე იმსჯელა.

ოპოზიციის ინიციატივის კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ოკუპანტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან სახელმწიფოებრივ საკითხებზე კომუნიკაციის უფლება მხოლოდ უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებსა და მაღალჩინოსნებს განესაზღვროს და არა ქვეყანაში რეგისტრირებულ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე განსაზღვრავს ოკუპანტ ქვეყანასთან და მათი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან საქართველოს მოქალაქის კომუნიკაციის სფეროებსაც, რაც პიროვნული ინტერესებისა და სახალხო პოლიტიკის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს. იგულისხმება არა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, არამედ სამრეწველო, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნებისა და სხვა აპოლიტიკური მიმართულებები.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, დოკუმენტის მიხედვით, ამ ნორმებისა და „ოკუპაციის შესახებ“ კანონის სხვა დებულებების დარღვევის გამო, პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

პროექტის შესახებ ინფორმირებულია ხელისუფლება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა განხილვებში არ მონაწილეობს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ მმართველ გუნდში სხვა სუბიექტების ხელით პრორუსული პოლიტიკის განხორციელება არ სურთ, დოკუმენტს მხარს აუცილებლად დაუჭერენ. მათ უერთდება არასამთავრობოთა ნაწილიც.

ცვლილებების მიზეზად ინიციატორები ოკუპანტ სახელმწიფოსთან კომუნიკაციისას არსებულ საფრთხეებს ასახელებენ, რომლის ირიბი და პირდაპირი მონაწილეებიც, მათი თქმით, ხშირად საქართველოს მოქალაქეები ხდებიან.

დოკუმენტზე მუშაობა თვე-ნახევარია მიმდინარეობს და მომავალ კვირაში დასრულდება. მას პარლამენტს სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობა“ წარუდგენს.