ოპოზიციის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება
ოპოზიციის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, დიდი ალბათობით ხვალ იქნება შეხვედრა ელჩებთან შუამავლობით ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

„საიმედო ფაქტი არის, რომ ეს მოლაპარაკება გრძელდება და „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, არის კომპრომისებისთვის მზად. საკმარისი, არასაკმარისი ეს სხვა ამბავია. ერთი-ორი დღეც დავიცადოთ, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკოთ. კარგი არის ის, რომ სავარაუდოდ, დიდი ალბათობით იქნება ხვალ შეხვედრა ელჩების შუამავლობით ჩვენსა და ,,ქართულ ოცნებას“ შორის, ეს არის ყველაზე დამაიმედებელი. შევთანხმდით, რომ სულ მცირე ხვალინდელ შეხვედრამდე საჯარო დეტალები არ გამოგვაქვს. ჩვენი სიტყვის ერთგულები ვართ, ვერ ვილაპარაკებთ. პლებისციტი კარგია, ცუდია, ვერ ვილაპარაკებთ ჩვენი წინადადებების პაკეტით მივდივართ, ისინი თავისი წინადადების პაკეტით მოდიან და ვნახოთ. მოლაპარაკებების ლოგიკა ასეთია – რაღა კომპრომისები იქნება, ვნახოთ, სად იქნება ეს კომპრომისები“, – განაცხადა ალეკო ელისაშილმა.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელჩებს გუშინ გადასცეს რამდენიმეპუნქტიანი დოკუმენტი, სადაც ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას ითხოვს.