ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი დაარეგისტრირეს
ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი დაარეგისტრირეს.
დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ხელისუფლებასთან შეჯერებულიყო პოზიციები და საკანონმდებლო ორგანოში საერთო კანონპროექტი შესულიყო, ეს ვერ მოხერხდა.
„შევიტანეთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ჩვენეული ვარიანტი. ძალიან დიდი მცდელობა გვქონდა, რომ მოხერხებულიყო ხელისუფლებასთან შეჯერება და ერთი კანონპროექტი შესულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევაჯერეთ პოზიციები. როგორც ვიცით, ხელისუფლებამ გუშინ დაარეგისტრირა ამნისტიის კანონპროექტის თავისი ვარიანტი, ხოლო ჩვენ წარვადგინეთ დღეს, სწორედ ახლა მოხდა რეგისტრაცია“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
ასევე, შავგულიძემ განმარტა, რა არსებითი განსხვავებებია ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ვერსიებს შორის.
„ჩვენი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას და მის მოთხოვნებს. იქ აღნიშნულია, რომ 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამნისტირება ყველა დარღვევისა და დაკავების, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისიდან დღემდე რა დარღვევებსაც იძიებდა სახელმწიფო, უკვე არსებული, წარდგენილი ბრალდებები, დაკავებები, დარღვევები, ყველა უნდა მოყვეს.
ანუ, ჩვენი კანონპროექტი შეეხება არსებულ ბრალდებებს. იმ მოვლენების დროს რა ბრალდებებიც აქვს წარდგენილი პოლიციის თანამშრომლებს, ამნისტირებულია მათი ქმედებები და აქციის მონაწილეებს რა ბრალიც აქვთ წაყენებული, მათი ქმედებები. ხელისუფლების კანონპროექტს წერილობით არ გავცნობილვარ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში მათ რამდენადაც გვითხრეს, შეეხება არა კონკრეტულ ნორმებს, რომლებითაც დევნა მიმდინარეობდა ამ ორი წლის განმავლობაში, და ზოგზე განაჩენიც არის დაყენებული, არამედ ჰიპოტეტურად ამ მოვლენებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ ბრალდებებს, ასევე ჰოპოტეტურად მომავალში შესაძლო ყველა ბრალდებას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ძალიან გაუმართლებელი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ამნისტია არის არაგანჭვრეტადი და ფაქტობრივად, ხელისუფლებას რჩება შეუზღუდავი უფლებამოსილება, რა ქმედებებზე გაავრცელებს მომავალში და რაზე – არა. ეს არ მიგვაჩნია სამართლიანად. სამართლებრივადაც ასეთი არაგანჭვრეტადი ამნისტიის კანონის მიღება გაუმართლებელია“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შავგულიძის შეფასებით, ოპოზიციის კანონპროექტი არის მკაფიო და გამომდინარეობს შეთანხმების პოზიციებიდან. შავგულიძის განმარტებით, კანონპროექტი ორ მნიშვნელოვან დათქმასაც ითვალისწინებს.
„რაც ამ ორი წლის განმავლობაში მოხდა, ყველა წარდგენილი ბრალდება და მსჯავრდება უნდა ეპატიოს აქციის მონაწილეებსაც და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, პოლიციელებსაც. ასევე, ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან დათქმას – ის ვრცელდება პოლიციელებზეც, მაგრამ ვრცელდება იმ დათქმით, რომ არ გავრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, მეორეც, პოლიციელების მიმართ ის გავრცელდება კონკრეტულად მათ საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირების თანხმობით.
შეიძლება, ერთი შეხედვით გაჩნდეს განცდა, რატომ, აქციის მონაწილეების მიმართ თუ არ არის საჭირო პოლიციელების თანხმობა, დაზარალებულად პოლიციელები არიან ცნობილი ზოგ საქმეში, მაშინ პოლიციელების მიმართ რატომ უნდა იყოს? საქმე იმაშია, რომ ეს არის სამართლებრივად სრულიად გამართული პოზიცია. არ შეიძლება, ერთნაირად იყოს მიდგომა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელისა და მოქალაქის მიმართ. პოლიციელებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, აქციის, იქნებოდა ეს აღკვეთის, თუ მიმდინარეობის დროს, საპოლიციო ღონისძიებები ისე უნდა განეხორციელებინათ, რომ დანაშაული არ ჩაედინათ. ანუ, მათ მიმართ პასუხისმგებლობის მოთხოვნა მეტია. ასეთია სტანდარტი სამართლებრივი პასუხისმგებლობის და უშუალოდ „ქართული ოცნების“ მიერაც ეს სტანდარტი გაზიარებულია. 2012 წელს ხელისუფლებაში როცა მოვიდა „ქართული ოცნება“, სწორედ სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გაიზარდა ხანდაზმულობის ვადა, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეთა მიმართ და ა.შ.“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.