"ოპოზიცია შანსს კარგავს, რომ ძალიან კარგი სახალხო დამცველის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღოს"
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიცია შანსს კარგავს, რომ ძალიან კარგი სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესში მონაწილეობა მიიღოს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ჩუგოშვილმა ყურადღება ნინო ლომჯარიას კანდიდატურაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი სახალხო დამცველი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის მთავარი საკონტაქტო პირი იქნება, თუკი მათ ადამიანის უფლებების დარღვევა დაემუქრებათ, ან ასეთი დარღვევის წინაშე აღმოჩნდებიან.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის სახალხო დამცველი და აუდიტის სამსახური მთავარი ინსტიტუტებია, რათა დეპუტატებმა მუდმივად ადევნონ თვალყური იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები, ცდუნებაა იმის, რომ კომფორტული ადამიანი, ის პირი მოვძებნოთ, რომელიც ხელისუფლებისთვის თუ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კომფორტული იქნება, მაგრამ ასეთი პირის მოძებნა ძალიან არასწორი იქნებოდა, რადგან ეს იქნებოდა ნიშანი იმის, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი საკმაოდ მომწიფებული არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის დამსახურებით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარვმართეთ და კანდიდატი შევარჩიეთ. კერძოდ, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელთაც მათთვის მისაღები ოთხი კანდიდატი შემოგვთავაზეს. ამ პროცესს როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში მიესალმნენ, რომლებიც მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან პარლამენტისთვის და სახალხოდ დამცველის ინსტიტუტისთვის. ჩვენი კოლეგებისგან სრულიად უსამართლო კრიტიკა მოვისმინეთ და ჩემთვის უცნაურია, როცა სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესს მიესალმება და ამბობს, რომ კარგი პროცესი წარიმართა, ჩვენი კოლეგები საპირისპიროს რატომ ამტკიცებენ. ისინი შანსს კარგავენ, რომ ძალიან კარგი სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. იმედი მაქვს, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, პარლამენტს ახალ სახალხო დამცველთან ახალი თანამშრომლობა ექნება და მისი ანგარიშები პარლამენტის ფუნქციის განხორციელებისთვის და ადამიანის უფლებების გაზრდისთვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გახდება“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას კენჭს მიმდინარე სასესიო კვირას უყრის. ლომჯარიას თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.