ოპოზიცია „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელ ინტერპარტიულ კომისიას“ ქმნის
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციური ფორმატის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი, „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, კომისიის მიზანია, აღრიცხოს პირველ ეტაპზე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, შემდეგ კი, მოახდინოს პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური თავდასხმების სიის ფორმირება და მოძალადეების აღრიცხვა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კომისია სიებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის.
„ორი საკითხი იქნება განსახილველი დღეს. პირველი, ეს არის პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების სია, რომელიც ეხება 20 ივნისის შემდეგ დაპატიმრებულებს. ამ სიას გადავცემთ საერთაშორისო პარტნიორებს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, გადავცეთ იმ მოძალადე პროკურორებისა და პოლიციელებისგან შემდგარი სია, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ რეპრესიებში, რომელშიც ვცხოვრობთ. საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენ ვთხოვთ, მათზე დაწესდეს სანქციები, იქნება ეს ფინანსური, თუ შეზღუდვები ვიზის გაცემაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა.