ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისთან განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი, რათა დაეპატიმრებინათ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
„როგორც ყველა ველოდებოდით, დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა საბჭოთა არმიის დაბადების დღეს გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი, რათა დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, მაგრამ მინდა ყველას პირობა მივცე, ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენი სამშობლო იქნება თავისუფალი. ეს იქნება ძალიან მალე. შესაბამისად როდიონოვების, გავრილოვების, რუსების ბოლშევიკების ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია. ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი, ყველა ოთახი გაპარტახებულია. რამდენიმე ადამიანი შენობაში ცუდად გახდა და იმის საშუალება არ გვქონდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახა. ახლა ჩვენ მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო ეს სასაკლაო ადამიანებს, რომელიც უსპობს ევროატლანტიკურ მომავალს ქვეყანას. ყველას მინდა მოგმართოთ, ვინც ხართ სახლში, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნის ბედი, ჩვენი შვილების ბედი, მობრძანდით 15:00 საათზე კანცელარიასთან და აუცილებლად უნდა ვობრძოლოთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.