ოპოზიცია აქციის ნაცვლად, ხვალ სამომავლო გეგმებზე გააკეთებს განცხადებას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხვალ რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმას გააჟღერებს.
ამასთან, როგორც უდუმაშვილმა მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ევროპას.
„გუშინდელმა დღემ პრაქტიკულად შეცვალა ის რეალობა, რომელშიც დღეს აღმოჩნდა ქვეყანა. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ზურგი შეაქცია, არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს. ეს იყო მათი პასუხი იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ერთი კვირის განმავლობაში. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იყო სრულად კონსტრუქციული თავის მიდგომებში, არა მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესში, არამედ ქმედებებშიც. ჩვენ უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველ აქცია და მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც დაგეგმილი იყო, მაგრამ ხვალიდან უკვე ჩვენ გადავდივართ სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე, სულ სხვა ტალღაზე. ამიტომ ჩვენს გეგმას, რას ვაპირებთ და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ 12:00 საათზე რუსთაველზე გამოვაცხადებთ. იქნება საპროტესტო ტალღა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.