ოპოზიცია ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალური განცხადების მიღებას მოითხოვს
ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები “ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
„ევროპული საქართველო“ კომიტეტის მხრიდან სპეციალური განცხადების მიღებას მოითხოვს, სადაც მათი განცხადებით, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებზე განხორციელებული ფიზიკური დაპირისპირება დაგმობილი უნდა იყოს.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთარ კახიძის განცხადებით, როცა საქმე პოლიციის არაეფექტურ რეაგირებას ეხება, პარლამენტი ვალდებულია, საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაური 28 თებერვალს დაიწყო. ბორჯომში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანიც იყვნენ ჩასული. საკრებულომ 28 თებერვალს ორი სხდომა გამართა, პირველ სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური და როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დღის მეორე ნახევარში გამართულ სხდომაზე კი, საკითხი 17 მომხრე ხმით დამტკიცდა. მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ საგანგებოდ ჩატარებული მეორე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო. ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, გუშინ ბორჯომში აქცია გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, ზაზა ჩაჩანიძე ოქმს ხელს არ აწერს და ამით კანონის სრულ იგნორირებას ახდენს. ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია.
საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ბორჯომის მერიაში კი, ბოიკოტი გრძელდება, თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდნენ. ისინი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას მოითხოვენ, რომელზეც მათი ხელფასების საკითხი უნდა განიხილონ.