ოპოზიცია ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნას ითხოვს
ოპოზიცია ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნას ითხოვს

ოპოზიცია ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ განგებ აჭიანურებს პირველი სხდომის ჩანიშვნას, რათა ძველმა საკრებულომ რიგგარეშე სხდომებზე მაქსიმალურად მოასწროს მუნიციპალური ქონების გადაცემა აჭარის მთავრობაზე, ასევე მმართველ გუნდთან დაახლოებული კომპანიებისთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ ძველი საკრებულო გეგმავს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებასაც, რადგან ახალი მოწვევის საკრებულოში მმართველ გუნდს არ ჰყავს უმრავლესობა.

„ქართული ოცნება“ სჩადის პოლიტიკურ დანაშაულს, ცდილობენ, რიგგარეშე სხდომებზე გაანიავონ მუნიციპალური ქონება, ასევე ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს ბიუჯეტი, რომლის კონტროლიც უნდა განახორციელოს ახალმა საკრებულომ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა თვენახევრის არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა არ ჩაინიშნა“, – აცხადებს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.

ოპოზიციის განცხადებით, სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, თუმცა მათი შეფასებით, ეს მორალურად გაუმართლებელია.

„ბიუჯეტის დამტკიცებას ძველი საკრებულო შეეცდება, რადგან სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს არა მარტო საკრებულოს, არამედ მერის რიგგარეშე არჩევნებიც. ახალ საკრებულოში კი, ამის დიდი ალბათობა იქნება. სწორედ ამას გაურბის „ქართული ოცნება“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე.