ოპოზიცია ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოპარკის გადატანას ეწინააღმდეგება
ოპოზიცია ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოპარკის გადატანას ეწინააღმდეგება

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ცენტრალური პარკიდან ზოოპარკის გადატანის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.

მერიის ინიციატივით მოქმედი ზოოკუთხე ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საკითხით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. მათი განცხადებით, ეჭვი მაშინ გაუმყარდათ, როდესაც გადაწყდა, რომ ზოოპარკის გადატანისა და მშენებლობის ხარჯებს მთლიანად ფონდი „ქართუ” გაიღებს.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ახირება, დიდი ეჭვი მაქვს, ზოოპარკის გადატანას მოჰყვება ხეების გადატანა,  გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი არ არის გამორიცხული, კორპუსები აშენდეს“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან ანთაძემ.

უმრავლესობის განცხადებით, ზოოკუთხე წლების განმავლობაში ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა და იქ ცხოველებისთვის შესაფერისი პირობების შექმნაც არ მოხერხდა.

„ტერიტორია, რომელიც მოიცავს დღევანდელ ზოოკუთხეს, ცენტრალური პარკის შემადგენლობაშია. მას პარკის სტატუსი აქვს და მოხდება მისი განვითარება, როგორც პარკის, სხვა მოცემულობა არ არსებობს. რაც შეეხება ვადებს, სამუშაო პროცესი საკმაოდ მოცულობითია და დაახლოებით, წელიწადნახევარი დასჭირდება”,-უპასუხა ოპოზიციას მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა. საკრებულომ მხარი დაუჭირა ზოოპარკის გადატანის ინიციატივას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების პროცესს, რათა ტერიტორია საკუთრებაში ბათუმის მუნიციპალიტეტს გადაეცეს. დადგენილებაში ნათქვამია, რომ საქართველოში არ მოიძებნებიან ზოოპარკის დამპროექტებელი და მშენებელი სპეციალისტები, ამიტომ უცხოელი სპეციალისტების მოწვევას, დაპროექტებასა და მშენებლობას მთლიანად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.