ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი - სცენის სამსახურის 21 გაფიცული თანამშრომლის ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 1 350 ლარი
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი - სცენის სამსახურის 21 გაფიცული თანამშრომლის ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური - 1 350 ლარი

თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურის 21 გაფიცული თანამშრომლის ყოველთვიური ხელფასი არა 500, არამედ მათი მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური კი – 1350 ლარი.

„მედიასივრცეში მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურის 21 გაფიცული თანამშრომლის შრომის პირობების შესახებ, რომ თითქოს, სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობის ზრდის მიუხედავად, მათი ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით, 500 ლარს შეადგენს. აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და თეატრის დისკრედიტაციას, რის გამოც თეატრი მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაასაჯაროოს გაფიცულ თანამშრომელთა რეალური სამუშაო პირობები.

თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების არსებული, ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 1350 ლარი. ამასთანავე, დასაქმებულებზე რეგულარულად, ყოველთვიურად გაიცემა სახელფასო დანამატები. ბოლო 10 სამუშაო თვის განმავლობაში თეატრის მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაფიცულ თანამშრომლებზე (21 დასაქმებულზე) ჯამურად გაიცა სახელფასო დანამატები – 63 500 ლარის ოდენობით, რაც თითოეულ დასაქმებულზე, საშუალოდ, ყოველთვიურად შეადგენს 300 ლარს. გარდა ამისა, 2024 წლის 01 იანვრიდან თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს ეზრდებათ შრომის ანაზღაურება 35-40%-ით, რაც დამტკიცებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 18 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით.

ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ თეატრის სცენის სამსახურის ორ ყოფილ თანამშრომელთან დაკავშრებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს მათი სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია გაფიცვაში მონაწილეობის მიღებასთან. აღნიშნული პირები თეატრში დასაქმებულები იყვნენ 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელთაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ ამ ვადის ამოწურვამდე.

მედიასაშულებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

თეატრის 21 თანამშრმლის გაფიცვის მიუხედავად, სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები (52 დასაქმებული) აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.