ოპერაციული შტაბის სხდომაზე სამეგრელოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში არსებული ვითარება.
ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების მატება, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,8 პროცენტია.
სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, ძალოვანი სტრუქტურების სამხარეო ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რესურსცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის მონაცემებით გვაქვს 161 ახალი შემთხვევა 3 400-მდე გატესტილი მოქალაქიდან. ყველაზე მეტი გამოვლენა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც დაფიქსირდა 60 ახალი შემთხვევა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად გავამკაცრეთ ჯარიმების საკითხი – პოლიცია, შრომის ინსპექცია, მუნიციპალური სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ ნიღბების ტარების, რეგულციების დაცვის საკითხს, გამოვლინების შემთხვევაში კი, აჯარიმებენ ყველა კანონდამრღვევს. სასწავლო დაწესებულებებში კოვიდ ინფექციის დადასტურების შემდეგ მყისიერად იქნება გადაწყვეტილება მიღებული ობიექტის დახურვის შესახებ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელება“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის კოვიდინფექციის დადასტურების გამო, სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასულია რეგიონის 12 სკოლაში, 15 საბავშვო ბაღში კი შეწყვეტილია სააღმზრდელო პროცესი.
ოპერაციული შტაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის.
შტაბმა განიხილა სოციალურ ღონისძიებებსა და პირბადეების ტარების საკითხზე კონტროლის გამკაცრება, რაშიც პოლიციასთან და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართული.
ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 832 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 229 რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 1 149 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს სამი საკარანტინო სივრცე (პალმბიჩი, პრატაპი, ანაკლია), სადაც კარანტინში იმყოფება 112 მოქალაქე.
სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით სულ ანტიგენის ნიმუშის აღებაზე ჩართულია 53 სამედიცინო დაწესებულება. ყველა ინფიცირებულის კონტაქტების გამოვლენა და მათი ტესტირება ხორციელდება. დაწესებულებებში ინფიცირების შემთხვევაში ხორციელდება მასობრივი ტესტირება, ასევე მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინიგი ტარდება კონკრეტულ უბნებსა და სოფლებში „კოვიდ-19“-ის შემთხევების აღმოჩენისას.
ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა.