OPCW-ს ექსპერტები სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის დასკვნას დაეთანხმნენ
„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია” OPCW ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის დასკვნას დაეთანხმა. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის საქმის გამოძიების დასრულების შემდეგ, დღეს გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ განცხადებაში, „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ OPCW ექსპერტებმა სერგეი და იულია სკრიპალის მოწამვლისთვის გამოყენებული შხამი „ნოვიჩოკად“ არ მოიხსენიეს. თუმცა ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ბრიტანელი ექსპერტების კვლევის შედეგებს ეთანხმებიან.
შეგახსნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მტკიცებით, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსული წარმოშობის შხამით, “ნოვიჩოკით” მოწამლეს.
ორგანიზაციის სპეციალისტებმა მიიღეს სკრიპალების და მათთან ერთად მოწამლული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, დაზარალებულთა სისხლის ნიმუშები და დანაშაულის ადგილიდან შეგროვებული მტკიცებულებები.
გამოძიების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ „ქიმიური იარაღის აკრძალვის“ OPCW ექსპერტებმა დაადგინეს სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის დროს გამოყენებული ნივთიერების ფორმულა, თუმცა ეს მხოლოდ გასაიდუმლოებულ ანგარიშში მოხვდა, რომელიც არ გასაჯაროებულა.
აღსანიშნავია, რომ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ“ ჩატარებული გამოძიების შედეგები გადაუგზავნა დიდ ბრიტანეთს, ასევე, ლონდონის თხოვნით ორგანიზაციის ყველა წევრს, და მათ შორის რუსეთსაც.