ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც არის ჩართული
ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში, ორ ლოკაციაზე ჩარჩენილნი არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომელთაც ტერიტორიიდან გამოიყვანენ.
„ძირითადად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა – გზები, ხიდები და ელექტროგანათების ბოძები. შსს ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით. საჭიროების შემთხვევაში, ვისაც ექნება გამოყვანის სურვილით, დამსვენებელს თუ ადგილობრივ მოქალაქეს, დავეხმარებით და გამოვიყვანთ. ამ ეტაპზე მსგავსი არის მხოლოდ ორ ლოკაციაზე, სადაც ჩარჩენილი არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და საგზაოს თანამშრომლები. ჩვენ მათ დავეხმარებით გამოყვანაში და შემდგომ ვიმოქმედებთ ჩვეულებრივ, იმის შესაბამისად, თუ რა მოთხოვნები იქნება მოსახლეობისგან“, – განაცხადა იოსებ ჭელიძემ.
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. მისივე ცნობით, დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.