შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იოსებ ჭელიძემ და ალექსანდრე დარახველიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გახსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
„ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სპეციალური სავარჯიშო სივრცე, სასწავლო ოთახი და სპორტული დარბაზი. შენობაში განთავსდა ოპერატიული მართვის ცენტრიც, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, რაჭის რეგიონში, შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან გადანაწილება განხორციელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკისთვის სპეციალური ავტოსადგომი მოეწყო, შენობის სახურავზე კი მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. ახალი შენობა, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.