ონის მუნიციპალიტეტში სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ ადგილზე ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
„სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი.
ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნავენ შსს-ში.