ონის მუნიციპალიტეტის მერია - ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა
ონის მუნიციპალიტეტის მერია - ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის კლდის ჩამოშლის გამო საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდე. ჯერჯერობით საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია, მიმდინარეობს ადგილზე ტექნიკის მობილიზება.

მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით“,- აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩიკვაიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

„აღნიშნული მონაკვეთი იქნება დაკეტილი. კლდოვანი მასის მცირე ნაწილი, როგორც ვიზუალური დაკვირვებით ჩანს, ჩამოდის ისევ, ამიტომ ამის დასრულების შემდეგ დაიწყება სრული გაწმენდითი სამუშაოები. იქამდე პოლიცია უზრუნველყოფს მიმართულებით გადართვას შიდა სასოფლო გრუნტოვან გზაზე. სოფლები ამ წამს მოწყვეტილი არც ერთი არაა. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი მეტ-ნაკლებად შეჩერდება, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. თუმცა ნაწილობრივ მობილიზებულია ტექნიკა და, რა თქმა უნდა, ახლაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, ამას ალბათ გეოლოგების ჯგუფი დაადგენს. მასა არაა ისეთი დიდი რაოდენობით, რომ ძნელი იყოს მისი გაწმენდა. პრობლემა ისაა.,რომ ჯერ მცირე ნაწილის ჩამოშლა ისევ მიმდინარეობს. ჩვენი ვარაუდით, სრულფასოვნად გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება“,- განაცხადა ონის მერმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.