ომის შესწავლის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსეთმა განაახლა „შაჰედ 136“-ის ტიპის კამიკაძე უპილოტო აპარატების სისტემა, რომლებიც ახლა უფრო მაღლა და სწრაფად დაფრინავენ
რუსებმა „შაჰედ 136“-ის ტიპის კამიკაძე უპილოტო აპარატების სისტემა განაახლეს, რომლებიც ახლა უფრო მაღლა და სწრაფად დაფრინავენ – ამის შესახებ აღნიშნულია ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშში.
მოხსენების თანახმად, უკრაინულმა მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ასევე გააუმჯობესეს აღჭურვილობა და ტაქტიკა, რათა გააგრძელონ უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდება. უკრაინამ შეიმუშავა უპილოტო აპარატების აღმოჩენის ინოვაციური სისტემა: ქვეყნის მასშტაბით ბოძებზე დამონტაჟებული მრავალი ქსელური მიკროფონი უსმენს „შაჰედის“ ძრავის ხმას, ცენტრალური საჰაერო თავდაცვის სისტემა კი აგროვებს მიკროფონების მონაცემებს, რათა თვალყური ადევნოს თითოეული თვითმფრინავის მარშრუტს და გამოთვალოს მისი სავარაუდო სამიზნე.
უკრაინულ მედიის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 136 „შაჰედით“ დაესხა თავს. ქვეყნის 14 ოლქში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 51 უპილოტო აპარატის ჩამოგდება შეძლო. გარდა ამისა, რადიოელექტრონული საშუალებების აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივად დაიკარგა 60 რუსული უპილოტო აპარატი, 20-ზე მეტი აპარატი კი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეშია. უპილოტო აპარატებთან ერთად, რუსეთმა უკრაინის რეგიონების წინააღმდეგ „ეს 300“, „ეს 400“ და ხ-59-ის ტიპის რაკეტებით მიიტანა იერიში.