„ომის შესწავლის ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ რუსეთის ძალებმა კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ შეტევა გააძლიერეს
რუსეთის ძალებმა კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ შეტევა გააძლიერეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის ჯარმა 10-11 ოქტომბერს გააძლიერა კონტრშეტევა კურსკის ოლქში, რათა სცადოს უკრაინის ძალების განდევნა, ვიდრე ამინდის გაუარესება ბრძოლის ველზე მათ მანევრებს შეზღუდავს. ამასთან, „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ცნობით, მათ ანალიტიკოსებს არ უნახავთ დადასტურება იმისა, რომ რუსეთის ძალებმა სუჯის რაიონში წაიწიეს წინ ან გლუშკოვოს რაიონის ნაწილიდან უკრაინელები განდევნეს. აღნიშნულის შესახებ კი რუსი სამხედრო ბლოგერები იტყობინებოდნენ.
„უკრაინელი ოფიციალური პირები მანამდე აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის ძალები ააქტიურებენ შეტევით ოპერაციებს უკრაინაში, განსაკუთრებით მექანიზებულ შეტევით ოპერაციებს, რათა გამოიყენონ მშრალი გზების უპირატესობა, ვიდრე წვიმების სეზონი ნიადაგს დაარბილებს. სავსებით სავარაუდოა, რომ ეს ოპერატიული გათვლა რუსეთის მიერ მთელი კურსკის ოლქის დაბრუნების ძალისხმევაზეც ვრცელდება“, – ნათქვამია „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშში.
ანალიტიკოსებს აზრით, რუსეთის სამხედრო სარდლობა შიშობს, რომ 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში ცუდი მეტეოროლოგიური პირობები უკრაინის ძალებს მისცემს მეტ დროს, რათა უკეთ გააძლიერონ მათ მიერ დაკავებული პოზიციები.
ცნობისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია აგვისტოს დასაწყისში დაიწყეს.