„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ ვლადიმერ პუტინთან
„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ ანალიზით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ევგენი პრიგოჟინსა და მის უზარმაზარ გავლენებზე. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიზის თანახმად, პრიგოჟინს უნიკალური მდგომარეობა უკავია, რომელიც საშუალებას აძლევს, მიიღოს სარგებელი იმით, რომ პუტინი დამოკიდებულია მის მიერ შექმნილ „ვაგნერის“ დაჯგუფებაზე და ამასთან, როგორც ინსტიტუტი წერს, არავითარი ფორმალური პასუხისმგებლობა არ ეკისრება უკრაინაში წარუმატებლობებზე.
„რუსული ძალოვანები ასევე პირდაპირ დაუპირისპირდნენ პუტინს უკრაინაში რუსული ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ მნიშვნელობას რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურებში. Washington Post-მა, აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით, გამოავლინა, რომ „ვაგნერ ჯგუფის“ დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა პირად საუბარში მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ძალებზე ძლიერ დამოკიდებულებაში, თუმცა არ აფინანსებდა დაჯგუფებას და არ უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებით“, – ნათქვამია ანალიზში.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ სწრაფად იზრდება მისი გავლენა რუსულ საინფორმაციო სივრცეში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პუტინის რეჟიმი დიდწილად არის დამოკიდებული საინფორმაციო სფეროში კრემლის მონოპოლიაზე და პრიგოჟინი სულ უფრო აშკარად უქმნის ამ მონოპოლიას გამოწვევას.
გარდა ამისა, ანალიზის თანახმად, პათოსის ფონზე „რუსი მართლმადიდებელი ხალხის ბრძოლა სამართლიანი მიზნისთვის“, რუსეთის ხელმძღვანელობამ ასევე იგრძნო საჭიროება, აუხსნას რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს რუსული არმიის რიგებში, მათი როლი ამ ომში. ექსპერტების მოსაზრებით, ამისთვის თამაშდება საერთო „უკრაინული სატანიზმთან ბრძოლის“ სცენარი, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე მუსლიმებისთვის და სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის. შესაბამისი განცხადებები გააკეთეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ, ალექსეი პავლოვმა და ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა.
ანალიზის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხერსონის რეგიონიდან დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მათი უსაფრთხოებისთვის სულ უფრო და უფრო ემსგავსება იძულებით განსახლებას, როგორც ადმინისტრაციული პროგრამის ნაწილი. ასეთი პროგრამის არსებობა 25 ოქტომბერს რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, კირილ სტრემუსოვმა დაადასტურა. მისივე თქმით, მის ფარგლებში უკვე გადაყვანილია 22 ათასზე მეტი ადამიანი ახალ საცხოვრებელ ადგილებში, პროგრამა კი 60 ათასზეა გათვლილი, თუმცა ჯერ არავის უთქვამს, რომ განსახლება მუდმივია და არა დროებითი. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ შეფასებით, ევაკუაციის სახელით ზუსტად იძულებით განსახლება ხდება.