„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არ აქვთ, თუმცა აქციზურ მარკებს მაინც ვერ იღებენ
„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არ აქვთ, თუმცა აქციზურ მარკებს მაინც ვერ იღებენ

„ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არ აქვთ, თუმცა სიგარეტის წარმოებისთვის საჭირო აქციზურ მარკებს მაინც ვერ იღებენ.

კომპანიის გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, 12 ნოემბერს კომპანიამ აქციზური მარკების შეკვეთა გააფორმა და შემოსავლების სამსახურიდან დასტურიც მიიღო. მოგვიანებით კი, შეკვეთა გაუქმდა.

„ჩვენ კომპანიას არ მიუღია აქციზური მარკები იმის გამო, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა და შპს „სიქპა სიქიურითი სოლუშენს ჯორჯიამ“ გაურკვეველი მიზეზით შპს „ოკთ“-ს განზრახ არ მიაწოდეს ინვოისი შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელად“, – აღნიშნა აღდგომელაშვილმა.

აქციზური მარკების მიღების მიზნით „ომეგა ჯგუფმა“ შეკვეთა განმეორებით, 3 დეკემბერს განათავსა.

„ახალი შეკვეთის დადასტურება ან უარყოფა ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა აღდგომელაშვილმა.

„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოში მიმართვასაც არ გამორიცხავს.

აღდგომელაშვილის განცხადებით, ვითარების შესახებ ინფორმირებულია ბიზნესომბუდსმენიც.

ამ დროისთვის „ომეგა ჯგუფის“ ქარხანაში სიგარეტის წარმოება შეწყვეტილია.