ომებისა და კონფლიქტების გავლენა ოლიმპიურ თამაშებზე - რუსეთსა და ბელარუსს აზიურ თამაშებში მონაწილეობას სთავაზობენ #1TVSPORT
ომებისა და კონფლიქტების გავლენა ოლიმპიურ თამაშებზე - რუსეთსა და ბელარუსს აზიურ თამაშებში მონაწილეობას სთავაზობენ #1TVSPORT

პირველი თანამედროვე ოლიმპიადა 1896 წელს ჩატარდა. იქიდან მოყოლებული დღემდე უამრავი ფაქტია, რომლებმაც ომის, კონფლიქტებისა და სხვა გამოწვევების გამო მსოფლიო სპორტის ისტორიაში ძირეული ცვლილებები შეიტანეს.

1916 წელს ბერლინში ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარებულიყო, ქალაქში ახალი სტადიონიც კი აშენდა, მაგრამ შეჯიბრი პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო ჩაიშალა და ოლიმპიური თამაშები ოთხი წლის შემდეგ, 1920 წელს უკვე ანტვერპენში ჩატარდა.

ეს იყო თანამედროვე ოლიმპიზმის ისტორიის პირველი ფაქტი, როდესაც ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მიზეზად პოლიტიკური მოტივი დასახელდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე, გერმანიის ნაკრებთან ერთად, პირველ მსოფლიო ომში მისი მოკავშირე ქვეყნების გუნდებიც არ მიიწვიეს. ეს საომარი მოქმედებების სანაცვლოდ მიღებული სასჯელი იყო.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა ასევე არ აღიარეს საბჭოთა რუსეთის გუნდი და ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ოლიმპიურ კომიტეტში რუსეთის წარმომადგენლად მეფის რეჟიმის ემიგრანტს, თავად ლევ ურუსოვს მიიჩნევდნენ.

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელმა, პიერ დე კუბერტენმა მის მიერ შედგენილი ოლიმპიური ქარტიის ძირითად პრინციპად სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნა დაასახელა, თუმცა ბარონი იქვე აღიარებდა, რომ ოლიმპიური თამაშების აღგენა ეროვნულ-პოლიტიკურ მოტივებსაც უკავშირდებოდა და მან ფაქტად 1870-71 წლებში ფრანკო-პრუსიულ ომში საფრანგეთის დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად ფრანგი ჯარისკაცების სუსტი ფიზიკური მზადება დაასახელა.

1924 წელს პარიზმა ზაფხულის მერვე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. საბჭოთა მთავრობამ ოთხი წლის წინანდელი გაიხსენა და უარი თქვა საფრანგეთში წასვლაზე. ოფიციალურ მიზეზად კი დაასახელეს ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირს ოლიმპიადაზე მიწვევის დოკუმენტი შუამავლის, საფრანგეთის მუშათა სპორტული ტანვარჯიშის კავშირის წარმომადგენელის მეშვეობით გადაეცა და მათ საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ურთიერთობა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს.

ეს პროტესტი 1952 წლამდე გაგრძელდა, საბჭოთა სპორტსმენები პირველად ოლიმპიურ სარბიელზე ჰელსინკში გამოვიდნენ.

1956 წელს მელბურნში, ზაფხულის მე-16 ოლიმპიურ თამაშებზე ეგვიპტის პროტესტს სუეცის კრიზისის დროს განვითარებული აგრესიის გამო ერაყის, ლიბანისა და კამბოჯის მეთაურებმა მხარი დაუჭირეს.

ჰოლანდიის, ესპანეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებმა თამაშებს ბოიკოტი უნგრეთში საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრის გამო გამოუცხადეს. უნგრელები კი გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, ოფიციალური დროშის ნაცვლად, 1918 წლის უნგრეთის დროშით გამოვიდნენ და შეჯიბრების შემდეგ მათ სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს.

მელბურნის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ბოიკოტი ჩინეთმაც დააფიქსირა და მიზეზად არაღიარებული ტაივანის მიწვევა დაასახელა, რომელიც იმ დროს „ფორმოზას“ სახელით გამოდიოდა.

1978 წელს მონრეალის ოლიმპიურ თამაშებს კონგოს რესპუბლიკისა და ტანზანიის წარმომადგენლებმა პროტესტი ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებებს შორის გამართული მატჩის გამო გამოუცხადეს. მხარდაჭერა აფრიკის ექვსი ქვეყნისგანაც მიიღეს, იყვნენ ისეთებიც, ვისი გუნდებიც კანადაში უკვე ჩასულები იყვნენ, მაგალითად,  მაროკო, კამერუნი და ეგვიპტე. მათ ოლიმპიური სოფელი მაშინ დატოვეს, როდესაც მზადების პროცესი დაწყებული ჰქონდათ. ბოიკოტი მოგვიანებით ასევე ერაყის და გაიანას წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს. ისინი ოლიმპიადიდან ახალი ზელანდიის გუნდის მოკვეთას მოითხოვდნენ, რომელმაც ამ შეხვედრის ჩატარებით აპარტეიდის რეჟიმის იზოლაცია დაარღვია. ოლიმპიურ კომიტეტში კი ამბობდნენ, რომ, რადგან რაგბი ოლიმპიური სახეობა არ იყო, ეს პროტესტი უსაფუძვლო გახლდათ.

1979 წელს საბჭოთა ჯარი ავღანეთში შევიდა და ამ ფაქტის გამო მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი ბრიტანეთის, კანადის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. მოსკოვში არ იყო ოლიმპიური კომიტეტის წევრი 64 ქვეყნის ნაკრები. ტრადიციის თანახმად, დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მომავალი მასპინძლის დროშა უნდა აღმართულიყო, მაგრამ რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ბოიკოტის ინიციატორი გახლდათ, მოსკოვის ცენტრალურ სტადიონზე მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქის, ლოს ანჯელესის დროშა აღმართეს.

1984 წელს ლოს ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რუმინეთის, იუგოსლავიისა და ჩინეთის გარდა, ბოიკოტი სოციალისტური ბანაკის ყველა ქვეყანამ გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საბჭოთა და ვარშავის ხელშეკრულების სხვა ქვეყნების სპორტსმენებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდნენ, ყველა აღიარებდა, რომ ამ ფორმალობის უკან იყო 1980 წლის ბოიკოტზე სოციალისტური ქვეყნების პასუხი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი პრეზიდენტის, ხუან ანტონიო სამარანჩის წინადადებით წესდებაში შეიტანეს სპეციალური მუხლი სერიოზული სანქციების შესახებ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ბოიკოტის მოწყობას შეეცდებოდნენ. ეს სანქცია ითვალისწინებს ერთი ან რამდენიმე ოლიმპიადიდან ქვეყნის მოკვეთას, წევრობის შეჩერებას ან ოლიმპიური მოძრაობიდან საერთო გაძევებას.

დღეს რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების შესახებ მსჯელობენ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა განიხილება აზიის შეჯიბრებებზე მათი მონაწილეობის საკითხი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების წინადადებით გამოვიდნენ. თუმცა, იქვე, ძალიან მკაცრი ტონით განაცხადეს, რომ ტურნირებზე არ იქნებიან ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების მხარდამჭერები არიან.

აზიის ოლიმპიურმა საბჭომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2023 წლის 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთის ქალაქ ჰანჩჟოუში დაგეგმილ აზიურ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ არცერთ დოკუმენტში არ წერია, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენები იქნიან დაშვებული. ისინი საუბრობენ იმ რუს და ბელარუს სპორტსმენებზე, ანუ ნეიტრალურ ათლეტებზე, ვინც პატივს სცემს ოლიმპიური ქარტიის წესდებას, საკუთარ ქვეყანასთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან გაიგივების გარეშე, სადაც ასევე ანტისადოპინგო წესების სრულად დაცვა აუცილებელი იქნება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ 2022 წლის თებერვალში შემუშავებული ყველა რეკომენდაცია ძალაში უცვლელად რჩება.

უკრაინაში რუსული აგრესიისა და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ფიფა-სა და უეფა-ს გადაწყვეტილებით, რუსული კლუბები და ქვეყნის გუნდები საერთაშორისო არენაზე რუსეთის სახელით ვერ ითამაშებენ, ვერ გააჟღერებენ საკუთარი ქვეყნის ჰიმნს და ვერ გამოიყენებენ საკუთარ დროშას. ამასთან, რუსეთს საშინაო მატჩების ჩატარების უფლება აეკრძალა, ის ითამაშებს მხოლოდ ნეიტრალურ სტადიონზე და ისიც მაყურებლის გარეშე.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის და ბელორუსის ფედერაციები თავისი კავშირიდან გარიცხა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ყველა საერთაშორისო შეჯიბრის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის უკვე ყოფილ საპატიო პრეზიდენტს და ელჩს, ვლადიმერ პუტინს ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის შემდეგ, პირადი სანქცია ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებმაც დაუწესეს და მას 2013 წელს მინიჭებული მეცხრე დანის შავი ქამარი ოფიციალურად ჩამოართვეს.

ოლიმპიური ქარტიის თანახმად, ოლიმპიადების დროს პოლიტიკური პროტესტი ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ხერხია. ასე იყო 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის დროს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. 2008 წლის 11 აგვისტოს პეკინში, რუსეთის საელჩოს წინ ქართული დელეგაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა. ჩინეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. საქართველოს დელეგაციის წევრები ოლიმპიადის ბოიკოტზეც საუბრობდნენ, მაგრამ ქართული დელეგაცია საბოლოოდ ოლიმპიურ სოფელში დარჩა და, იმ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის მიუხედავად, საქართველოს წარმომადგენლებმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2016 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან რვა წლის შემდეგ ძალოსან არსენ კასაბიევს რომელიც პეკინის ოლიმპიურ ფიცარნაგზე 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ვერცხლის მედალი გადაეცა. არსენი პეკინში მეოთხე იყო თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ყაზახი ილია ილინის და ბრინჯაოს პრიზიორის რუსეთის ნაკრების წევრის ჰაჯიმურატ აკაევის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონად პოლონელი შიმონ კოლეცკი, არსენ კასაბიევი კი ვერცხლის მედლის მფლობელად გამოაცხადა.

ასევე რვა წლის შემდეგ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრ გიორგი გოგშელიძეს გადასცეს, რადგან ყაზახ თაიმურაზ თიგიევს სისხლში აკრძალული პრეპარატის ტურინაბოლის კვალი აღმოუჩინეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრების წევრებმა პეკინში სამი ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.