ომბუდსმენის წლიური ანგარიშის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის ამოწურვამდე გაგრძელდება
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პლენარული სხდომა, საჭიროების შემთხვევაში, ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, 7 ოქტომბერს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა იგეგმება და იმ შემთხვევაში, თუ განხილვა 00:00 საათამდე ვერ დასრულდა, სხდომა გაგრძელდება.
„სავარაუდოდ, 13:00 საათზე დაიწყება სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მოსმენა. არ მგონია, რომ ეს განხილვა 00:00 საათს გადასცდეს. ყოველი შემთხვევისთვის, ბიურომ გადავწყვიტოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დიდხანს გაგრძელდება, ვინაიდან შაბათი დღე დასვენების დღეა, საჭიროა ბიუროს გადაწყვეტილება, რომ სხდომა გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. ამიტომ კენჭსაყრელია ბიუროს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება 4-7 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში საჭიროების შემთხვევაში. დასვენების დღეს, 8 ოქტომბერს, შაბათს 00:00 საათიდან გაიმართოს საქართველოს პლენარული სხდომა 7 ოქტომბერს დაწყებული სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის გაგრძელებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.