ომბუდსმენის მოადგილე - შევისწავლით ყველა იმ პირის საქმეს, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული
სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაწვდის ჩანაწერებს, რომელთა მონიტორინგის შემდეგ ომბუდსმენი შეაფასებს, რამდენად იყო პროპორციული ძალა გამოყენებული მანიფესტაციის დროს. ეს განცხადება ბურჯანაძემ შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ ინციდენტების შესახებ, რომელიც ახლდა სპეცოპერაციას, ასევე ვიმსჯელეთ ჩხრეკისა და იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომელიც ჩატარდა. განვიხილეთ საკითხები, რომელიც შეეხებოდა მანიფესტაციასა და გამოყენებულ ძალას.
შევთანხმდით, რომ შსს მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციასა და ჩანაწერებს. სახალხო დამცველი მოახდენს ამ ყველაფრის მონიტორინგს, შევისწავლით საქმეებს და საბოლოო ჯამში შევაფასებთ, რამდენად იყო პროპორციული ძალა გამოყენებული მანიფესტაციის დროს. ასევე ჩვენ ვაპირებთ, რომ შევისწავლოთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, ყველა იმ პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.