ომბუდსმენის მოადგილე - ომბუდსმენის წარმომადგენლები ქალთა კოლონიაში პატიმრებს გაესაუბრებიან და აუხსნიან, რომ პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ
ომბუდსმენის მოადგილე - ომბუდსმენის წარმომადგენლები ქალთა კოლონიაში პატიმრებს გაესაუბრებიან და აუხსნიან, რომ პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ

სახალხო დამცველის წარმომადგენლები 2 ივლისს, ქალთა კოლონიაში პატიმრებს გაესაუბრებიან და აუხსნიან, რომ პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ, – ასე გამოეხმაურა ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე 109 პატიმარი ქალის მიერ შიმშილობის დაწყებას.

მისი განმარტებით, ყველა რეკომენდაცია, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია, მიზნად ისახავს პატიმარი ქალების უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.​

„ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გავაკეთეთ. კვლევა მომზადდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ, ჩვენი მანდატის ფარგლებში. მათ ჰქონდათ ციხეში შესვლის უფლებამოსილება, იდენტიფიცირებული იქნა რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ციხეში პირველადი შესვლისას სრული შემოწმების პრობლემა, რომელიც დაასახელეს პატიმრებმა. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია შიმშილობის დაწყების შესახებ, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხუთშაბათს ღამე მეხუთე დაწესებულებაში, გაესაუბრნენ პატიმრებს და ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ინციდენტი ამოწურულია. ჩვენი თანამშრომლები დამატებით კიდევ მივლენ ორშაბათს, გაესაუბრებიან პატიმრებს, რათა აუხსნან, რომ მათ, რეალურად, პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ. ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია, მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს.

ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის  ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება.