ომანის ნავთობისა და გაზის მინისტრი - წელს ნავთობის ფასი ბარელზე 80 დოლარს არ გადააჭარბებს
ნავთობის ფასი წლის ბოლომდე დიდი ალბათობით, ბარელზე 70-დან 80 დოლარამდე იმოძრავებს და 80 დოლარს არ გადააჭარბებს. ასეთი კომენტარი ომანის მინისტრმა, მოჰამედ ბინ ჰამად ალ რამჰიმ ტელეკომპანია CNBC-თან გააკეთა. მინისტრის განმარტებით, დღეს არსებული ფასები „სამართლიანია“.
ომანი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის, „ოპეკის“ არაწევრ ქვეყნებს შორის ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მსხვილი მომპოვებელია და 2015 წელს ნავთობის ფასის ვარდნამ დიდი დარტყმა მიაყენა.
ომანი „ოპეკისა“ და „ოპეკის” არაწევრ ნავთობ-მომპოვებელ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების შეზღუდვის გარიგების ერთ-ერთი ხელმომწერია რუსეთთან ერთად. მოპოვების შეზღუდვის გარიგება 2016 წლის ბოლოს ნავთობის ფასის სტაბილიზაციის მიზნით დაიდო. შეთანხმებამ გაამართლა და ფასი ბარელზე 77 დოლარზე ავიდა. თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებს „ოპეკს“ და თვლის, რომ ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი.
ნავთობის ფასზე უარყოფითად აისახა აშშ-ის მიერ ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს მომპოვებელ ქვეყანაზე, ირანზე სანქციების აღდგენა, რის შედეგადაც ირანს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდება შეეზღუდება.
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი დღეს 77 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი კი ბარელზე 70 დოლარზე.
ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ნავთობის ფასი 90 დოლარს მიაღწევს. ომანის მინისტრი ამ პროგნოზს არ ეთანხმება.
„ჩემი აზრით, წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის ფასი ბარელზე 70 დოლარიდან 80 დოლარამდე იმოძრავებს, რადგან ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, ვინც „ოპეკთან“ თანამშრომლობს იმ მიზნით, რომ ბაზარი საკმარისად მოვამარაგოთ, თან ისე, რომ მომხმარებელზე უარყოფითად არ აისახოს. ჩვენ ვფიქრობთ, არსებული ფასი სამართლიანია,“ განაცხადა მინისტრმა ალ რამჰიმ.
მისი განმარტებით, ბარელზე 70-80 დოლარი ნავთობ-მწარმოებელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ სექტორში ინვესტირება და დაინახონ ბიზნესისთვის უფრო უკეთესი პერსპექტივა, ვიდრე ეს ბარელზე 30-40 დოლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი.
ალ რამჰი ირანული ნავთობის მოცულობის შემცირების გამო, ფასის ზრდას არ ელოდება. იგი თვლის, რომ ომანის მეზობელ მომპოვებლებს აქვთ საშუალება, ეს დანაკლისი შეავსონ და უკვე პირობაც დადეს საჭიროების შემთხვევაში, მოპოვება გაზარდონ.
ომანის ნავთობის მინისტრს ირანზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობა აფიქრებს. იგი შიშობს, რომ სიტუაციის გართულების შემთხვევაში, შესაძლოა, ჩინეთის მოთხოვნა ნავთობზე შემცირდეს, რაც უარყოფითად აისახება ნავთობის წარმოებასა და ექსპორტზე.